თითოეული ქანდაკება, რომელიც ავტორის მიერ იქმნება უნიკალურია
მოქანდაკის მიერ გამოქანდაკებული კონკრეტული ნამუშევარი მხოლოდ დამკვეთს შეიძლება ჰქონდეს. მხოლოდ თქვენს ინტერიერსა თუ ექსტერიერს, ეზოსა თუ ბაღს შეიძლება ამშვენებდეს და კონკრეტული ხელით შექმნილი ნამუშევრების მეპატრონე იქნებით მხოლოდ თქვენ. ქანდაკების შესაქმნელად საჭიროა მუზა, შთაგონება, განწყობა, ფანტაზია ფიქრი. ავტორი ბოლომდე იხარჯება, რადგან ეს არის შესაძლებლობა გადმოსცეს თავისი სათქმელი. მოქანდაკეებს ძალუძთ თიხისგან, ქვისგან, მეტალისგან და უამრავი სხვა მასალისგან, ანუ არაფრისგან ღირებული გამოსახულების შექმნა, რომელიც შემდგომ სხვა ადამიანებს გაახარებს, მიანიჭებს ესთეტიკურ სიამოვნებას. სწორედ ეს არის სახვითი ხელოვნების არსი. ანტიკური დროიდან ადამიანები ხელოვნების ამ დარგს ტაძრების, სასახლეების, ბაღების, მოედნებისა და სხვა ადგილების გასალამაზებლად იყენებდნენ. სამწუხაროდ დღეს სახვითი ხელოვნების ეს დარგი ჩრდილში ექცევა. ციფრული ტექნოლოფიების ეპოქაში ქანდაკება საზოგადოებისთვის ისეთი მიმზიდველი და საინტერესო აღარ არის, როგორც წინა საუკუნეებში. ხელოვნების ამ დარგს თითქოს ძინავს. ქანდაკების პოპულარიზაციას არავინ ეწევა არადა რამდენ სკვერს, ბაღს, მოედანს ინტერიერსა თუ ექსტერიერს დაამშვენებდა ნიჭიერი მოქანდაკეების ქმნილებები. მათი შემოქმედების ნაყოფი ხომ ამაღლებს ადამიანების დადებით განწყობას, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში, ბიზნესში წარმატების საწინდარია.
მაშ ასე, დავუბრუნდეთ თემას. რატომ არის ქანდაკების კეთება ხანგრძლივი პროცესი. ქანდაკების შესაქმნელად ავტორი ე.წ. საწყის რბილ მასალაში, ანუ თიხაში, პლასტელინში, სანთელში იწყებს მუშაობას. ქანდაკების დასრულების შემდეგ ნამუშევარი უნდა ჩამოისხას გარდამავალ მყარ მასალაში, თაბაშირში. ამისათვის ქანდაკებას უღებენ თაბაშირის ნაჭრიან ან ე.წ. შავ ყალიბს. ნაჭრიანი ყალიბი კეთდება იმ შემთხვევაში, თუ უნდა ჩამოისხას რამდენიმე ასლი. ასეთი ყალიბი იშლება და იწყობა დაზიანების გარეშე. სხვა შემთხვევაში იღებენ შავ ყალიბს, რომელიც ყალიბში თაბაშირის ჩასხმის და გამყარების შემდეგ უნდა გამოიმტვრეს. ყალიბი საგულდაგულოდ იფარება სპეციალური საცხით, რათა არ მოხდეს თაბაშირის ყალიბისა და მასში ჩასხმული თაბაშირის დიფუზია შემდგომ განცალკევების ან გამომტვრევის დროს. თაბაშირის ქანდაკება იწმინდება, მუშავდება ავტორის მიერ. ზოგჯერ რთული ფორმის შემთხვევაში იყენებენ სპეციალური სილიკონის მასალას ყალიბის ანაბეჭდის უკეთესი ხარისხის მისაღწევად. დასრულებული სხმულის შესწორება, კორექტივების შეტანა იგივე თაბაშირის გამოყენებით ხდება.
ამის შემდეგ, წინასწარ არის გადაწყვეტილი თუ რა მასალაში უნდა შესრულდეს ქანდაკება დასრულებული სახით.
შესაძლებელია ქვაში გათლა, როგორც ოსტატის თვალით ასევე სპეციალური მოწყობილობით, რომელსაც ლეონარდოს ფარგალი ეწოდება და ასლის გასაკეთებლად გამოიყენება. რენესანსის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერის და მხატვრის მიერ გამოგონილი ეს ფარგალი დღესაც ძალიან პოპულარულია მოქანდაკეთა შორის. ლეონარდოს ფარგალი იძლევა საშუალებას იდეალური სიზუსტით თაბაშირის ქანდაკება გადავიდეს ქვაში, რაც რა თქმა უნდა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომელიც სიფრთხილეს, ყურადღებას და სიდინჯეს მოითხოვს. თავად ქვის შერჩევაც მნიშვნელოვანი პროცესია. ქვას არ უნდა ქონდეს ბზარები, რადგან შუა მუშაობის დროს ქანდაკების რომელიმე ნაწილის მოტეხვა შეიძლება გამოიწვიოს, რაც კრახის ტოლფასია და მანამდე გაწეული შრომა თუ დანახარჯი წყალში იქნება ჩაყრილი. ქანდაკებისთვის საუკეთესო ქვის მასალად რა თქმა უნდა თეთრი მარმარილო ითვლება. მაღალი ხარისხის იტალიური ან ბერძნული თეთრი მარმარილო საკმაოდ ძვირი ღირს. მოქანდაკეები ხშირად სხვა ქვასაც ხმარობენ და არა მარტო თეთრი მარმარილოს სიძვირის გამო, არამედ სხვადასხვა ქანდაკებას სხვადასხვა ქვა შეიძლება მოუხდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია პოსტამენტის ფორმისა და მასალის შერჩევაც. ეს მთლიანი კომპოზიციის შემადგენელი ნაწილია. დიდი პროექტების შესრულების დროს პროცესში მოქანდაკესთან ერთად არქიტექტორები ერთვებიან, რომლებიც ქმნიან წარმოდგენას, თუ როგორი იქნება პროექტის დასრულებული სახე.
თაბაშირის ქანდაკების სხვა მასალაში დასრულებაც არის შესაძლებელი, მაგალითად ბრინჯაოში.
ეს საკმაოდ ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. ბრინჯაოში ჩამოსხმის რამდენიმე მეთოდი არსებობს. თუ კომპოზიცია მცირე ზომისაა, მაშინ მეტი სიზუსტისთვის სანთლის წესით ჩამოსხმაა უკეთესი. ამისათვის ქანდაკებას უნდა ავუღოთ თაბაშირის ნაჭრიანი ყალიბი, ოღონდ ყალიბში უნდა ჩავასხათ სანთელი. სანთლის ქანდაკებას უნდა გაუკეთდეს სანთლისვე საჰაეროები და სანთლისვე ჩასასხამი. შემდეგ სანთლის ქანდაკება ეტაპობრივად უნდა დაიფაროს სპეციალური ცეცხლგამძლე თაბაშირის და ცემენტის მსგავსი მასალით და გარშემო სიმყარისთვის უნდა გაუკეთდეს არმირება, რადგან ბრინჯაოში ჩამოსხმის დროს ფორმა არ გაიბზაროს ან დაიშალოს რაც გავარვარებული მეტალის გამოდინებას გამოიწვევს და უსაფრთხო ნამდვილად არ იქნება. გამყარების შემდეგ გვაქვს ფორმა, რომელშიც სანთელია. ამიტომ სპეციალურად მოწყობილი ღუმელის გამოყენებით, რომელიც 300-400 გრადუსზე მუშაობს, უნდა მოხდეს სანთლის გამოდნობა. გამოდნობის შემდეგ ფორმა რჩება ღუმელში სრულ გამოშრობამდე. ფორმა არ უნდა შეიცავდეს წყალს, რადგან ბრინჯაოს ჩასხმის დროს შესაძლებელია მეტალის ადუღება, შხეფების გასროლა რაც უარყოფითად აისახება უსაფრთხოებასა და სხმულის ხარისხზე. შემდეგი ეტაპია ბრინჯაოს დადნობა. აქ უკვე საჭიროა სხვა მაღალი ტემპერატურის ღუმელი. მასში გრაფიტის ტიგელის გამოყენებით დაახლოებით 1200 გრადუსზე, რამდენიმე საათის განმავლობაში ხდება ბრინჯაოს დნობა. ამის შემდეგ ბერკეტის და ამწის გამოყენებით ხდება ბრინჯაოთი სავსე ტიგელის ღუმელიდან ამოღება და ფორმაში ჩასხმა. პროცესი განსაკუთრებულ ყურადღებას და უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოითხოვს, რაშიც 3 ადამიანი ღებულობს მონაწილეობას. გაციების პროცესის დასრულების შემდეგ ფორმა იმტვრევა ჩაქუჩით, შიგნით კი ჩნდება ბრინჯაოს სხმული. ქანდაკება იწმინდება სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით და მონტაჟდება პედესტალზე.
მეორე მეთოდიც საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივია. თუ ქანდაკება დიდი მოცულობის არის, მისი სანთლის წესით ჩამოსხმა სხვადასხვა სირთულეს ქმნის, რამაც შესაძლებელია არა მარტო ხარისხზე იმოქმედოს, არამედ ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი იყოს. დიდი ზომის ქანდაკება ისხმება რამდენიმე ნაწილად და შემდგომ ხდება მისი აწყობა შედუღებისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. ყალიბი მზადდება კვარციტის ტექნოლოგიურად დამუშავებული ქვიშის, მჟავისა და სპეციალური შემკვრელი ბლანტი სითხის შერევის შედეგად მიღებული მასით. ყალიბი უნდა იყოს მრავალნაჭრიანი, რათა ადვილად დაზიანების გარეშე დაიშალოს და აეწყოს. დაყალიბების დასრულების შემდეგ ყალიბის შიგნით უნდა დამზადეს ე.წ. შემავსებელი მასა, რომელიც ფორმიდან დაშორებული იქნება დაახლოებით 7-8 მმ-ით და განსაკუთრებული სიზუსტით, ფოლადის სამაგრებით ისე უნდა იყოს დაკიდებული ფორმის შიგნით, რომ არ ეხებოდეს ფორმის კედელს რადგან შემდგომ ყველგან თანაბრად შეივსოს ბრინჯაოთი. ასეთი შემავსებლის დამზადება განსაკუთრებულ ოსტატობას მოითხოვს, რადგან ეს დამოკიდებულია ქანდაკების საბოლოო სისქეზე და წონაზე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დიდი მოცულობის ქანდაკების აწყობისა და მონტაჟის დროს. ფორმას წესების დაცვით უნდა ქონდეს საჰაეროები. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრინჯაოს ჩასხმის დროს წარმოქმნილი აირები ვერ მოახერხებენ ფორმიდან გამოსვლას და მოხდება მეტალის ადუღება, რის შემდეგაც შრომატევადი პროცესი, ძვირად ღირებული მასალებით თავიდან იქნება ჩასატარებელი. ფორმაში ბრინჯაოს ჩასხმა ხდება ანალოგიურად, იგივე ღუმელის გამოყენებით და შემდგომი პროცესიც მსგავსია როგორც სანთლის წესით ჩამოსხმის დროს.
ქანდაკების თაბაშირიდან მყარ მასალაში გადატანა შესაძლებელია ახალი, თანამედროვე, არატრადიციული მასალების გამოყენებით.
მაგალითად პოლიესტერის შემკვრელისა 20 % და მარმარილოს მტვერის 80% გამოყენებით. ეს მეთოდი დიდი წარმატებით სარგებლობს თანამედროვე ქანდაკებისა და ინდუსტრიულ გამოყენებით დარგებში. ასეთი მასალა არა თუ ჩამოუვარდება მაგალითად ბუნებრივ ქვას სიმყარითა და სხვა თვისებებით, არამედ ხშირად უკეთესიც კი არის გამძლეობით. ამ მასალით შექმნილი ქანდაკება ვიზუალურად ძალიან ლამაზია და გავს მარმარილოს. ეს მეთოდი ანტიკურ ან შუა საუკენეების რენესანსის ეპოქაში არ გამოიყენებოდა მასალის არ არსებობის გამო. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგად გაჩნდა ასეთი შესაძლებლობა, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე ქანდაკების შესაქმნელად. ჩამოსხმის პროცესი ერთი შეხედვით გავს თაბაშირით ჩამოსხმის მეთოდს, რადგან აქაც ყალიბის აღებაა აუცილებელი, მაგრამ ტექნოლოგიურად ბევრად რთული პროცესია. გამოყენებულია სხვადასხვა ძვირად ღირებული მასალები, რამდენიმე კომპონენტიანი პოლიესტერი, სპეციალური ფორმის ასაღები სილიკონის ბლანტი ორ კომპონენტიანი სითხე, სინთეთიკური არმირება და ა.შ. პიგმენტების გამოყენებით შესაძლებელია ფერის შეცვლაც.
აი ამ ზოგადი დახასიათებიდან გამომდინარე შეგვიძლია წარმოდგენა შეგვექმნას თუ რატომ არ არის ქანდაკების შექმნა იაფი. გარდა მასალების სიძვირისა მოქანდაკე ხარჯავს უზარმაზარ გონებრივ და ფიზიკურ რესურსს. ანაზღაურება ყოველთვის ადექვატური არ არის, მაგრამ მოქანდაკისთვის ყველაძე მთავარია საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა. ენთუზიაზმი არის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი, რადგან ყოველი შეკვეთა მოქანდაკისთვის ეს უკვე არის ჯილდო, ზეიმი, ახალი რაღაცის შექმნის შემოქმედებითი შესაძლებლობა, რომელმაც შესაძლოა მომავალი თაობებიც გაახაროს სახვითი ხელოვნების ხიბლით.