პოლიესტერის ქანდაკება ხელები
გემოვნება ქანდაკებაში

გემოვნება ქანდაკებაში

ძალიან ხშირად იბადება ასეთი ტიპის შეკითხვები, მაგალითად რატომ არის იტალიური დიზაინი ასეთი ცნობილი და განთქმული. რა თქმა უნდა პასუხიც ცალსახაა იმიტომ, რომ ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ხელოვნებას, უშუალოდ დიზაინს სწავლობს, იზრდება და მხატვრად ყალიბდება გარემოში, სადაც გარშემო ყველგან ხელოვნებაა. იტალიაში სადაც არ გაიხედავთ შენობებზე, მოედნებსა თუ სხვა საზოგადოებრივ ადგილებზე ყველგან არის ხელოვნების კვალი. (მუზეუმებზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ოსტატების მიერ არის შესრულებული). რაც იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც მაგალითად დიზაინს სწავლობენ უდიდეს გავლენას ახდენს. პირველ რიგში ეს აისახება კარგი გემოვნების ჩამოყალიბებაზე. ახალგაზრდა ადამიანი, ასეთ გარემოში, მხატვრად ჩამოყალიბების პერიოდში ქვეცნობიერად ისრუტავს დიდი ოსტატების მიერ შესრულებულ ხელოვნებას და უდიდესი წნეხის ქვეშ ექცევა კარგი გემოვნების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. 

უფალმა ბრძანა: « ვითარცა მამა შენი ზეციერი, იყავ შენც სრულ». ეს ალბათ არის ადამიანის და ღმერთის გატოლების იდეა. უფალი ამბობს რომ სრულყოფილების გზაზე მე მომბაძეთო. ასეა ხელოვნებაშიც. მხატვრობის შესწავლის პერიოდში ახალგაზრდები, რომლებიც ბაძავენ დიდ ოსტატებს, მათ უყალიბდებათ კარგი გემოვნება და ეს რა თქმა უნდა დადებითად აისახება მათ მომავალ შემოქმედებაზე. კარგი ოსტატის მიერ შესრულებული ნამუშევარი და კარგი მასწავლებელი, რომელიც აჩვენებს და აზიარებს ნიჭიერ ახალგაზრდას ჭეშმარიტ ღირებულებას, მომავალი წარმატების თითქმის გარანტირებული საწინდარია. 

ზუსტად ასეა სახვითი ხელოვნების შემადგენელ ქანდაკებაშიც

მოქანდაკეს, რომელსაც არასოდეს უნახავს ძველი ბერძენი და რომაელი მოქანდაკეების, მიქელანჯელოს, დონატელოს, ვეროკიოსა თუ სხვა უდიდესი ოსტატების ნამუშევრები, არასდროს ექნებათ კარგი გემოვნება. რა თქმა უნდა ყველა ახალგაზრდას არ აქვს წვდომა იმოგზაუროს იტალიაში, საბერძნეთში, სარანგეთში, ეგვიპტესა თუ მსოფლიოს სხვა რეგიონებში, სადაც ყველაზე ბუმბერაზი შედევრები არის დაცული, მაგრამ მნიშვნელოვანი და აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება ასეთ ნამუშევრებზე. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. თუმცა კარგი გემოვნების ჩამოყალიბებაში გაცილებით ეფექტური იქნება მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების ნახვა. რა თქმა უნდა ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ უფასო და ხარისხიანი არაფერი არ არსებობს. მათ შორის განათლებაც. ლუვრი, ვატიკანის მუზეუმი, უფიცას გალერეა, კაიროს მუზეუმი, ერმიტაჟი და სხვა უამრავი ასეთი ტიპის დაწესებულებაში ვიზიტი, უნდა იყოს მხატვრობის შემსწავლელი ახალგაზრდის განათლების მიღების შემადგენელი ნაწილი. ასეთი ვიზიტები გაცილებით დიდ შედეგებს იძლევა, ვიდრე მასწავლებლის მიერ მონათხრობი. ნანახი ყოველთვის აჭარბებს მონაყოლს და ბევრად უფრო ეფექტურია კარგი გემოვნების ჩამოყალიბების გზაზე. თავად დიდი მიქელანჯელოც კი საათობით უცქერდა ანტიკური პერიოდის ბერძენი მოქანდაკის მიერ შესრულებულ ბელვედერის ტორსს, რამაც მომავალში თითქმის მის მთელ შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. ყველა დიდ მოქანდაკეს ყავდა საკუთარი კუმირი, რომელიც ახდენდა გავლენას მის მომავალ საქმიანობაზე. 

მაშ დაეხმარეთ ახალგაზრდებს ვისაც ამის შესაძლებლობა გაქვთ. ასეთი ინვესტიცია არ შეიძლება მომგებიანი არ იყოს. ის პირდაპირ აისახება საზოგადოების მორალურ გაჯანსაღებასა და ნებისმიერი ქვეყნის წარმატებულად წარმოდგენაზე.