
დაზგური ქანდაკება
დაზგური ქანდაკება
დაზგური ქანდაკება, განსხვავებით მონუმენტურისგან არ არის დამოკიდებული არქიტექტურულ სივრცეზე. ხშირად დაზგური ქანდაკება, თავისი ზომით უახლოვდება ნატურალურ გაბარიტებს. ასეთი ქანდაკებები გათვლილია ახლო სივრციდან აღსაქმნელად. დაზგური ქანდაკების შედევრები ძირითადათ დაცულია მუზეუმებსა და სხვადასხვა კერძო კოლექციებში. ასევე დაზგური ქანდაკება ხშირად გვხვდება ქუჩებშიც. ეს შეიძლება იყოს პორტრეტი, ბიუსტი, ტორსი ან ფიგურა. ასეთი ტიპის ქანდაკება პირველ რიგში გადმოსცემს კონკრეტული თემის ხასიათს.
დაზგური ქანდაკების მრავალფიგურიანი კომპოზიცია შეიძლება ასახავდეს ნებისმიერ ისტორიულ, თუ თანამედროვე სცენას სხვადასხვა ჟანრის მიხედვით. დაზგური ქანდაკება შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის.
ანიმალისტური ჟანრი
ანიმალისტური ჟანრი ცხოველთა გამოსახვას ითვალისწინებს. ასეთი ქანდაკებები ხშირად იდგმება პარკებსა თუ სკვერებში. საზოგადოების დასვენების ადგილებში და ის ემსახურება არსებული სივრცის გალამაზებას.
იდეალისტური ჟანრი
დაზგური ქანდაკება შეიძლება იყოს იდეალისტური ჟანრისა, როდესაც ავტორი რაიმე გრძნობას ალეგორიული ხერხებით ცდილობს მაგალითად სიკეთის, ან წარსულ-მომავლის გადმოცემას. სხვადასხვა მინიშნების საშუალებით მხატვარი ცდილობს განცდების გადმოცემას.
პორტრეტული ჟანრი
პორტრეტული ჟანრის ქანდაკება გადმოსცემს სხვადასხვა ისტორიული მოღვაწის რეალურ სახეს. წარსულში, როდესაც არ არსებობდა ფოტო ტექნოლოგიები, სკანირების სხვადასხვა საშუალებები, მოქანდაკეები და ფერმწერები ასახავდნენ მეფეებს, დიდგვაროვნებს, ფილოსოფოსებსა თუ სხვა დამსახურებულ მნიშვნელოვან ადამიანებს, რათა შთამომავლობას ქონოდა წარმოდგენა თავიანთი წინაპრების რეალურ სახეებზე.
ასეთი ტიპის ქანდაკება, სხვადასხვა ეპოქაში, განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა დიდგვაროვანთა შორის.
ისტორიული ჟანრი
ისტორიული ჟანრი ასახავს სხვადასხვა ისტორიულ სცენას ერთ ან მრავალფიგურიანი კომპოზიციების გამოყენებით. სადაც ასახულია ბრძოლის, გამარჯვების, ზეიმის და სხვა სცენა. მოქანდაკე აქცენტს აკეთებს კოსტუმებსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებზე, რაც ხაზს უსვამს იმ ეპოქის დახასიათებას, რომელსაც გადმოსცემს ავტორი.
მითოლოგიური ჟანრი
მითოლოგიური ჟანრი ითვალისწინებს სხვადასხვა კულტურის მითოლოგიური გმირებისა და მათი უშუალო მონაწილეობით სიუჟეტებისა და სცენების ასახვას. ამ დროს მოქანდაკისთვის მნიშვნელოვანია მითოლოგიური გმირების ცნობადობის გადმოცემა სხვადასხვა განმასხვავებელი ელემენტების გამოყენებით. მაგალითად პოსეიდონს ხელში უჭირავს ყველასთვის ცნობილი სამკავი. სირინოზს უჩანს კუდი და ა.შ.