ბრინჯაოს ქანდაკება ბუ
ბრინჯაოს ქანდაკება ბუ

ბრინჯაოს ქანდაკება ბუ 

ერთი შეხედვით ეს ბუ არ არის დიდი ზომის ქანდაკება, მაგრამ მის შესაქმნელად საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა ჩატარებული. 

იგი თავდაპირველად შეიქმნა თიხისგან. რა მოძრაობა ექნებოდა, რა მდგომარეობა პედესტალთან მიმართებაში და რა დანიშნულება. ამას ყველაფერს დაფიქრება და შთაგონება ჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება თიხისგან გამოძერწვა. ამას კი დრო და დიდი შრომა ჭირდება.

გამოძერწვის პროცესი

სამუშაოს დაწყების შემდეგ საჭიროა პაუზები რამდენიმე დღით, რათა ქანდაკება დასვენებული თვალით იქნას დანახული, რაც გემოვნებიდან გამომდინარე კორექტივებს გამოიწვევს და მხატვარის აზრით სრულყოფილებისკენ წაიყვანს ნამუშევარს. მხოლოდ ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, როდესაც მოქანდაკე რწმუნდება იმაში, რომ კომპოზიცია დასრულებულია, იწყება შესრულების ნაწილი.

თაბაშირში ჩამოსხმა 

პირველ რიგში თიხის ბუ უნდა გადავიდეს ე.წ. დროებით მასალაში. ამ შემთხვევაში თაბაშირში. თაბაშირში ჩამოსხმა შრომატევადი პროცესია, რაც საჭიროებს გარკვეულ ელემენტარულ ცოდნას, ფორმის აღებასთან დაკავშირებით. თაბაშირში ჩამოსხმის შემდგომ ავტორი ასუფთავებს ქანდაკებას ზედმეტი ხარვეზებისგან. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გასწორება, გადაკეთება. მხოლოდ ამის შემდეგ ქანდაკება მზად არის მყარ საბოლოო მასალაში ჩამოსასხმელად. ჩვენს შემთხვევაში ბრინჯაოში. 

ბრინჯაოში ჩამოსხმა და უსაფრთხოება

აქ უკვე იწყება ხანგრძლივი და საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც გარკვეულ სპეციფიკურ ცოდნას და უნარებს მოითხოვს, რადგან ნებისმიერი დაშვებული შეცდომა შეიძლება ძალიან ძვირად დაჯდეს. არაფერი რომ არ ვთქვათ წყალში ჩაყრილ შრომაზე, ძვირადღირებული მასალების დაკარგვაზე, არაპროფესიონალურმა მიდგომამ შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც კი გამოიწვიოს, რადგან ქიმიურ ნივთიერებებთან ურთიერთობის გარდა, მეტალის დნობა მაღალ ტემპერატურაძე ხდება. ეს კი უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ითხოვს. ამიტომ ასეთი სამუშაოს შესრულების დროს, ოსტატობისა და გამოცდილების გარდა, საჭიროა პედანტური დამოკიდებულება პროცესის თანმიმდევრობის მიმართ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საჭიროა მოთმინება. სიჩქარემ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს. 

ჩამოსხმის ხანგრძლივი პროცესის დასრულების შემდეგ, მოქანდაკე კვლავ ასუფთავებს სკულპტურას ზედმეტი წახნაგებისა თუ უსწორ-მასწორობებისგან, რაც ჩამოსხმისთვის დამახასიათებელია და ხარვეზად არ ითვლება.

დაჟანგვა 

ბოლოს ხდება ქანდაკების პედესტალზე დამონტაჟება და ე.წ. დაჟანგვა. რა თქმა უნდა ბრინჯაო ბუნებრივად იჟანგება, მაგრამ ამას შესაძლოა წლებიც კი დაჭირდეს, ამიტომ სწრაფი ეფექტისთვის ქანდაკება ხელოვნურად იჟანგება ოსტატის გემოვნებით და შეხედულებით სხვადასხვა მჟავების გამოყენებით სასურველ შედეგამდე. 

ასე რომ შესრულებითი ნაწილი არ არის ხელწამოსაკრავი პროცესი, რომელიც დღეები, კვირების, ან თვეების მანძილზეც კი იწელება რაც დამოკიდებულია ქანდაკების ფორმასა და ზომაზე.